მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 24-ე შვიდეული. შაბათი. ხმა მე-6. საკ.: ლიტ. - უვეცხ. - 1 კორ. 153 დას. XII, 27 - XIII, 8. მთ. 34 დას. (შუათგან) X, 1, 5-8. რიგ. 2 კორ. 191 დას. XI, 1-6. ლკ. 36 დას. VIII, 16-21.

day_icon   

ხსენება წმიდათა უვეცხლოთა მკურნალთა, კოზმა და დამიანესა, რომელნი იყვნენ ასიით, და დედისა მათისა, ღირსისა თეოდოტიასი (III); მღვდელმოწამეთა იოანე ეპისკოპოსისა და იაკობ ხუცესისა, სპარსეთს წამებულთა (+დაახლ. 345); წმიდათა მოწამენთა: კვირიენასი და იულიანასი (IV); წმიდისა მოწამისა ერმინინგელდისა (+586); წმიდათა მოწამეთა: კესარიოსისა, ლასისა და მათ თანა ხუთთა მოწამეთა (VII); წმიდათა ათონელთა ღირსმოწამეთა: იაკობისა და დიონისე მონაზონისა (+დაახლ. 1520)

 

წმიდა უვეცხლონი, კოზმა და დამიანე, ღვიძლი ძმები, ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმადიდებელი ქრისტიანი, თეოდოტია, ადრე დაქვრივდა. იგი კეთილმსახურებით ცხოვრობდა და შვილებსაც ღვთის მცნებების ერთგულებით ზრდიდა. ძმები ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ და მოყვასთათვის კიდევ უფრო მეტი სარგებელი რომ მოეტანათ, მკურნალობის ხელოვნების დაუფლებას შეუდგნენ: ბალახებისა და მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეძიებდნენ და მალე საუკეთესო ექიმები გახდნენ. უფალმა აკურთხა თავისი რჩეულები და ლოცვის ძალით სულიერი და ხორციელი ავადმყოფობების კურნების ნიჭი მიმადლა. წმინდანები მკურნალობდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ - ცხოველებსაც. მათ მუდამ ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: ”უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით” (მთ. 10, 8), - და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ ღებულობდნენ. კოზმასა და დამიანეს სახელი მთელს ოლქში გაითქვა. ხალხმა მათ უვეცხლონი შეარქვა.

ერთხელ, წმიდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, პალადიასთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა. პალადიას სარწმუნოებითა და ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა; იგი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა სარეცლიდან და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. მკურნალებისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღსავსეს, პალადიას სურდა, მცირეოდენი ძღვენი მაინც მიერთმია მათთვის. იგი ფარულად მივიდა დამიანესთან, სამი კვერცხი გაუწოდა და უთხრა: ”მიიღე ეს მცირედი საბოძვარი ყოვლადწმიდა სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის - სახელით”. წმიდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვეღარ გაბედა.

კოზმამ კი, მომხდარი რომ შეიტყო, ძალიან დაღონდა; მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. ყველანი გაუგებრობაში აღმოჩნდნენ, ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმიდა მკურნალი. მაშინ, ღვთის ნებით, სასწაული აღსრულა: ხალხის წინაშე უვეცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე ყოყმანის გარეშე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია ძღვენი დედაკაცისაგან, არამედ - უფლის სახელით. ნეტარი ძმების წმიდა ნეშტი ერთად დაკრძალეს ფერემანში (მესოპოტამია).

წმიდა უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ: ფერემანში, კოზმასა და დამიანეს ტაძრის მახლობლად, ცხოვრობდა ვინმე მალქოზი. ერთხელ მან, შორს გასამგზავრებლად გამზადებულმა, თავისი მეუღლე, რომელსაც დიდხანს მარტო მოუხდებოდა ყოფნა, წმიდა ძმებს შეავედრა და მათ ზეციურ მფარველობას მიანდო. მალქოზის ერთ-ერთ მეგობარში ჩასახლებულმა ბოროტმა კი დედაკაცის დაღუპვა გადაწყვიტა. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს კაცი ქალთან სახლში მივიდა და უთხრა, შენმა ქმარმა გამომგზავნა, რომ მასთან მიგიყვანოო. მალქოზის მეუღლე ენდო სტუმარს და გაჰყვა. კაცმა იგი უდაბურ ადგილას გაიყვანა და შეეცადა, ჯერ ძალა ეხმარა მასზე, შემდეგ კი მოეკლა. ქალმა, როცა შენიშნა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, გულწრფელი სარწმუნოებით ჰხადა უფალს. უეცრად საიდანღაც ორი ჭაბუკი გამოჩნდა. მზაკვარმა კაცმა დედაკაცს ხელი უშვა და გაქცევა სცადა, მაგრამ ხრამში გადაიჩეხა. სასწაულებრივად გადარჩენილმა ქალმა სახლის ზღურბლთან თავის მხსნელ ჭაბუკებს მადლი უძღვნა და ჰკითხა: ”რა გქვიათ, ჩემო მხსნელებო, ვის ვუმადლოდე სიცოცხლის დასასრულამდე?” ”ჩვენ ქრისტეს მონები, კოზმა და დამიანე ვართ”, - უპასუხეს ჭაბუკებმა და გაუჩინარდნენ. შეძრწუნებულმა და გახარებულმა ქალმა ყველას მოუთხრო, რაც თავს გადახდა; ღვთისადმი მადლიერების გრძნობით აღსავსემ, აცრემლებულმა, კოზმასა და დამიანეს ხატს მიმართა და სამადლობელი ლოცვა აღავლინა გადარჩენისათვის. ამ დღიდან მოყოლებული, წმიდა უვეცხლო მკურნალ ძმებს თაყვანს სცემენ, როგორც ქრისტიანული ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველებს.

ტროპარი, ჴმა ჱ

წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო, საკვირველთ მოქმედნო, კოსმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ჴორცთა ჩუჱნთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ, და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუჱნ.

კონდაკი, ჴმა ბ

რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხვენით, და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუჱნითა მბრძოლთაცა სილაღეჲ დააცხრვეთ, სოფლის მკურნალნო საკვირვებათა მიერ.

day_icon   

 

 

 

 

წმიდა მოწამე კვირიენა

წმიდა მოწამენი, კვირიენა და იულიანა, ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. კილიკიის მმართველის, მარკიანეს, ბრძანებით, - გაშიშვლებულ, თმებმოკვეცილ წმიდა კვირიენას ბრბოს დასაცინად დაატარებდნენ თავისი მშობლიური ქალაქის, ტარსუს, ირგვლივ, შემდეგ კი წმიდა იულიანასთან ერთად ქალაქ როსაში გაგზავნეს, სადაც ორივენი ცეცხლში დაწვეს.

 

წმიდა მოწამე ერმინინგელდი, გუთთა მეფის ძე და თანამმართველი, ესპანეთის ეპისკოპოსმა, ლეანდრემ, არიანელთა მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაზე მოაქცია. ერმინინგელდის მამა, ლეოვიგილდი (ლუვინგილდი), მტკიცედ იდგა არიანობაზე. ის ყველანაირად ეცადა, ძე კვლავ თავის მხარეს მიედრიკა, მაგრამ ამაოდ. სარწმუნოებრივ ნიადაგზე მამა-შვილს შორის ატეხილი ბრძოლის დროს ერმინინგელდი შეიპყრეს და ბორკილებასხმული ვიწრო და ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. აღდგომის წინა დღეს, პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა ერეტიკოსის ხელით ზიარების მიღება არ ისურვა. მაშინ ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1586 წელს, 13-14 აპრილს. ძის სარწმუნოების სიმტკიცითა და სიმამაცით გაოცებულმა ლეოვიგელდმა შეინანა თავისი საქციელი, მაგრამ მართლმადიდებლობის მიღება ვერ გადაწყვიტა და ეპისკოპოს ლეანდრეს უბრძანა, მისი მემკვიდრე, რიჰარდი, მაინც მოექცია ჭშმარიტ სარწმუნოებაზე. გამეფების შემდეგ რიჰარდმა მთელს ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა.

 

წმიდა მოწამენი, კესარიოსი, დასი და მათ თანა ხუთნი მოწამენი, - დამასკოში ეწამნენ. VII საუკუნეში, როცა ქალაქი მაჰმადიანებმა დაიპყრეს, ქრისტეს აღსარებისთვის კესარიოსსა და დასის თავები მოჰკვეთეს.

 

წმიდა ღირსმოწამე, იაკობი, ათონის მთაზე აღიკვეცა ბერად. შემდეგ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ივერთა დაცარიელებულ სკიტში გადავიდა, განაახლა იგი და ბერი ეგნატეს ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. დაუცხრომელი ღვაწლით უფლის რჩეულმა სულის ისეთი სიწმიდე მოიპოვა, რომ ღვთაებრივი ხილვების ღირსი შეიქნა. პავლე მოციქულის მსგავსად, მასაც განეცხადა სასუფევლის ნეტარება და ჯოჯოხეთის სატანჯველები. ზეგარდამო ნიჭით წმინდანი ცხადად ჭვრეტდა ყოველი მომსვლელის ფარულ გულისზრახვებსა და ფიქრებს; მას უფლისგან სასწაულთმოქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მოწაფეებთან ერთად ეტოლიაში ჩასული ნეტარი იაკობი მრავალ სასწაულს აღსრულებდა, სნეულებს კურნავდა და ყველას მოძღვრავდა. ურიცხვი ადამიანი იყრიდა ხოლმე თავს წმინდანის ირგვლივ. ავისმზრახველებმა ღირსი მამა თურქეთის ხელისუფლებასთან დაასმინეს, ხალხს იკრებს და ამბოხის მოწყობაც შეუძლიაო. ურჯულოებმა ეს ცრუ ხმები საბაბად გამოიყენეს და ნეტარს მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. პასუხად წმიდა იაკობმა და მისმა ორივე მოწაფემ, - ბერ-დიაკონმა, იაკობმა, და დიონისე მონასონმა, მტკიცედ აღიარეს ქრისტე. ამსითვის მათ ხანგრძლივი წამება დაითმინეს და ბოლოს, 1520 წლის 1 (14) ნოემბერს, ტანჯვით მიაბარეს სული უფალს. ღირსმოწამეთა სასწაულებით გაბრწყინებული წმიდა ნაწილები წმიდა ანასტასია მწვალებლობათა დამხსნელის სახელობის მონასტერში გადააბრძანეს თესალონიკის მახლობლად, დაბა გალატისტაში.


right_bar_header

<  სამშაბათი 13/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 21-ე კვირიაკე. ხმა მე-4. საკ.: ცისკ. - სახ. მე-10, ინ. 66 დას. XXI, 1-14. ლიტ. - გალ. 203 დას. II, 16-20. ლკ. 38 დას. VIII, 26-39. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. მთ. 36 დას. X, 16-22.
ხსენება წმიდათა ათთა ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა ; მოციქულთა: სტაქოსი, ამპლისა, ურბანისა, ნარკისისა, აპელისა და არისტობულესი, სამოცდაათთაგანნთა...