მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 24-ე კვირიაკე. ხმა მე-7. საკ.: ცისკ. - სახ. მე-2, მკ. 70 დას. XVI, 1-8. ლიტ. - ეფ. 221 დას. II, 14-22. ლკ. 38 დას. VIII, 26-39. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. მთ. 36 დას. X, 16-22.

day_icon   

ხსენება წმიდათა მოწამეთა: აკვინდინესი, პიღასისა, აფთონისა, ელპიდიფორესი, ანემპოდისტოსი და სხვათა მათ თანა (+დაახლ. 341-345); ღირსისა მარკიანე კვირინელისა (+388)

 

 

წმიდა პიღასი სპარსელი

 

წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიღასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები - IV საუკუნეში, საპორ II-ის (310-381) ზეობისას ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელები ზოროასტრიზმს მისდევდნენ - მზეს სცემდნენ თაყვანს. ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალული იყო, მაგრამ მეფე საპორი, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337) მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, თავისი მეფობის დასაწყისში ქრისტიანებს არ დევნიდა. მიუხედავად ამისა, მართლმადიდებელთა სიძულვილით აღსავსე სპარსი ქურუმები მოსვენებას ვერ პოულობდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ მათ დასაღუპად. ასეთი შემთხვევაც გამოჩნდა: გარდაიცვალა კონსტანტინე დიდი და საპორმა ომი წამოიწყო მის მემკვიდრესთან, კონსტანცისთან. სპარსეთის მეფეს დაბეჯითებით დაუწყეს იმის მტკიცება, რომ მის ქვეშევრდომ ქრისტიანებს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ მტერთან და აწვდიდნენ მათ ყველაფერს, რაც ომში წარმატებისთვის იყო საჭირო. მეფემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქვეყანაში იმდენი ქრისტიანი აღმოჩნდა, რომ სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ: მეფის სასახლეც კი სავსე იყო ქრისტიანებით. სხვებთან ერთად მოშურნეებმა მეფესთან დაასმინეს მისი ერთგული კარისკაცებიც: აკვინდინე, პიღასი და ანემპოლისტო. სამსჯავროზე საპორის წინაშე წარმდგარმა წმინდანებმა მხნედ აღიარეს წმიდა სამება. ამით განრისხებულმა თვითმყპრობელმა წმინდანების წამება ბრძანა. დაქანცული ჯალათები ორჯერ შეენაცვლნენ ერთმანეთს, მაგრამ უფლის რჩეულებს კვნესაც არ აღმოხდენიათ. თვით საპორმაც კი ვერ გაუძლო დაძაბულობას და გრძნობა დაკარგა. იგი ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ წმინდანის ლოცვით მეფე გონს მოეგო. მოსულიერებულმა საპორმა აკვინდინეს, პიღასისა და ანემპოდისტოს ჯადოქრობაში დასდო ბრალი და ბრძანა, კოცონს ზემოთ დაეკიდათ და კვამლში ამოეხრჩოთ. წმინდანთა ლოცვით ცეცხლი ჩაქრა, საკრველები კი, რომლითაც ისინი იყვნენ შებორკილნი, დაიშალა. როცა მეფემ იკითხა, თუ როგორ მოხდა ეს, მოწამეებმა მას მრავალი ამგვარი სასწაულის მოქმედი ქრისტე უქადაგეს. გააფთრებულმა საპორმა უფლის სახელის გმობა დაიწყო. მაშინ მარტვილებმა შესძახეს: ”დაიყავნ პირი შენი!” - და მეფეც დამუნჯდა. შიშისა და მრისხანებისაგან გონდაკარგული საპორი ცდილობდა, ენიშნებინა ხელქვეითებისთვის, რომ ტუსაღები საპყრობილეში წაეყვანათ, მაგრამ ირგვლივ მყოფნი მას ვერაფერს უგებდნენ. მეფემ სიბრაზისაგან მანტია შემოიხია და მხეცივით დაიწყო ღმუილი. აკვინდინემ ისევ ლოცვის ძალით განკურნა მეფე, მაგრამ ამჯერადაც ყველაფერი წმინდანთა ჯადოქრობით ახსნეს და მათი წამება განაგრძეს. მარტვილები რკინის ცხაურზე გააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს. უფლის რჩეულებმა ლოცვა დაიწყეს. უეცრად წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩაქრა. მრავალმა, მოწამეთა ლოცვით აღსრულებული სასწაულების მხილველმა, ირწმუნა ქრისტე და აღიარა თავისი სარწმუნოება. წმინდანებმა ადიდეს უფალი და ახალმოქცეულებს მოუწოდეს, ზეგარდამო გარდამოვლენილი წვიმით მონათლულიყვნენ.

ერთ-ერთმა ჯალათმა, აფთონმა, წმიდა მოწამეებს სახალხოდ სთხოვა შენდობა მიყენებული ტანჯვისათვის და ქრისტეს სახელისათვის სასიკვდილოდ გადადო თავი. დიდებულმა ელპიდიფორემ და მეფის დედამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი. საპორმა როცა იხილა, თუ როგორ იზრდებოდა ქრისტიანთა რიცხვი და წმიდა მარტვილთა წამება როგორ განამტკიცებდა სარწმუნოებას, საჯაროდ განაცხადა, აკვინდინე, პიღასი, ანემპოდისტო და მათთან ერთად - ელპიდოფორე თავის მოკვეთით დაისჯებიან, მაგრამ ქრისტიანებს შეუძლიათ მათი ცხედრები დასაკრძალად წაიღონო. როცა მარტვილები ქალაქის გალავნისკენ მიჰყავდათ დასახოცად, მათ ურიცხვი ხალხი მიაცილებდა. მეფის ბრძანებით მეომრებმა ყველა მათგანი (რიცხვით 7000-მდე) ამოჟლიტეს. სხვებთან ერთად მოკლეს ელპიდიფორეც.

აკვინდინე, პიღასი და ანემპოდისტო, მეფის დედასთან ერთად, მეორე დღეს ცეცხლში დაწვეს. წმინდანთა სიკვდილით დასჯის ადგილას ღამით მოსულმა ქრისტიანებმა უფლის რჩეულთა სრულიად უვნებელი ცხედრები იპოვნეს და პატივით მიაბარეს მიწას.

 

ღირსი მარკიანე IV საუკუნეში ცხოვრობდა. იგი განერიდა წუთისოფლის ამაოებას, უდაბნოში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო განმარტოებით, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. ღამით, ფსალმუნთა გალობისას, წმინდანი არასდროს ანთებდა სანთელს, რადგან მის სენაკს ღვთაებრივი შუქი ანათებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა, ფლაბიანემ (ხს. 18 თებერვალს/3 მარტს) და სხვა ეპისკოპოსებმა წმინდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, რაც ნეტარმა შორს დაიჭირა. ღირსი მამა რჩევა-დარიგებისათვის მიმსვლელებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა და მრავალი დაიხსნა მწვალებლურ სწავლებათაგან. აღსასრულის წინ წმინდანმა თავის მოწაფეს, ევსების, დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი, სენაკიდან მოშორებით.

ღირსი მარკიანე 18 (31) იანვარსაც იხსენიება.


right_bar_header

<  სამშაბათი 13/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 21-ე კვირიაკე. ხმა მე-4. საკ.: ცისკ. - სახ. მე-10, ინ. 66 დას. XXI, 1-14. ლიტ. - გალ. 203 დას. II, 16-20. ლკ. 38 დას. VIII, 26-39. მოწ. - რომ. 99 დას. VIII, 28-39. მთ. 36 დას. X, 16-22.
ხსენება წმიდათა ათთა ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა ; მოციქულთა: სტაქოსი, ამპლისა, ურბანისა, ნარკისისა, აპელისა და არისტობულესი, სამოცდაათთაგანნთა...